ხელისუფლება ცდილობს კიტრითა და პომიდვრით საარჩევნო ხმები მოიპოვოს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება რეგიონის მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია.
მისი ინფორმაციით, აჭარაში სოფლის მეურნეობაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯა და ხელისუფლება ვერ განმარტავს, რა მიმართულებით დახარჯა თანხა.
„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს მოსახლეობის დასაქმებას, ისინი აღარიბებენ ხალხს და შემდგომ ცდილობენ კიტრითა და პომიდვრით მოიპოვონ საარჩევნო ხმები. რეგიონის მოსახლეობის შეურაცხყოფაა, როცა ქობულეთში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოსახლეობას ურიგებენ კიტრსა და პომიდორს, რომლის მოყვანითაც დაკავებულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რეგიონში სოფლის მეურნეობაში დაიხარჯა 100 მილიონ ლარამდე და ხელისუფლება ვერ გვეტყვის სოფლის მეურნეობის ვერცერთ მიმართულებას, რომელიც განვითარდა. რეალურად თანხები ისე ქრება, რომ მოსახლეობამდე არ აღწევს.
მოვითხოვთ, აუდიტის სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელებისას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საკითხის შესწავლა, ასევე დაიწყოს გამოძიება ქობულეთში ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეფასება მისცენ ქობულეთში მოსყიდვის ფაქტებს“,- განაცხადა გია აბულაძემ.