აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე აჭარის მთავრობის პროგრამებზე და კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის იმ პროგრამებზე საუბრობს, რომელიც პანდემიის პირობებში, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში ამოქმედდა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, ამოქმედდა სამი ძირითადი პროგრამა: ხვნა-თესვის პროგრამა, საჩითილე მეურნეობების განვითარების პროგრამა მოსახლეობაში და სასათბურე მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციის განაწილება მოსახლეობაში.
“მაისის ბოლოსთვის დავიწყეთ სასათბურე მეურნეობებში პროდუქციის მოყვანა. მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სურსათით მომარაგება. ილუზია იმაზე, რომ დასრულდებოდა პანდემია ერთ ან ორ დღეში არავის არ ჰქონდა. ამიტომ, იქ მოყვანილი პროდუქციის დარიგება და მოყვანა გრძელდება აგვისტოს თვის ჩათვლით. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ აჭარის მთავრობის პროგრამებზე და კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაოდენობრივად , ხარისხობრივად განსაზღვრავს პროდუქციის მოყვანის პირობებს”, – განაცხადა აროშიძემ.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობაში პროდუქტის დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ხდება, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ ეს არ არის მოსახლეობის მოსყიდვა და ეს არის საკუთარი მოსახლეობის დახმარება, რომელიც უკვე განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ.
“მოწყვლად ჯგუფებზე ინფორმაცია შემოდის ადგილობრივი რწმუნებულების ინსტიტუტიდან და შემდეგ მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროდუქციის დარიგებას. საუბარია დაახლოებით 9 პროდუქციაზე ბოსტნეული კულტურების მიხედვით. ეს არ არის მოსყიდვა, ეს არის საკუთარი მოქალაქეების და სოციალურად დაუცველების დახმარება და არავითარი კავშირი ამას არჩევნებთან არ აქვს. პარტიული ნიშნით არ ხდება პროდუქციის დარიგება მოსახლეობაში. გამორიცხულია ეს ხდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. გამომდინარე იქედან, რომ ამ სიაში ხდება ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად თავისი პოლიტიკური შეხედულებისა. ეს არის მოწყვლადი მოსახლეობა, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დახმარება აღნიშნული პანდემიის პირობებში. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ძირითადში დაზარალდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი. აღნიშნული პროგრამის ამოქმედება საგანგებო პერიოდის განმავლობაში მოხდა”,- აღნიშნა აროშიძემ.
ოთხშაბათს, 5 აგვსიტოს, ტვ “პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ერთ-ერთ მარკეტში “ქართული ოცნება” კიტრს და პომიდორს უფასოდ არიგებს. ტელეკომპანიის ცნობითვე, ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, ვინც პროდუქტის უფასოდ წასაღებად იყო მისული, თქვეს, რომ ბოსტნეულს მმართველი პარტია არიგებს.
ხელისუფლება ცდილობს კიტრითა და პომიდვრით საარჩევნო ხმები მოიპოვოს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ქობულეთში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოსახლეობას ურიგებენ კიტრსა და პომიდორს, რომლის მოყვანითაც დაკავებულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო… მოვითხოვთ, აუდიტის სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელებისას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საკითხის შესწავლა, ასევე დაიწყოს გამოძიება ქობულეთში ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით“,- განაცხადა გია აბულაძემ.