რის გაკეთებას გეგმავს “ხარაგაულდასუფთავების” სამსახურის ახალი უფროსი

515

„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ უფროსად 30 ივლისს ბესო კვირიკაშვილი დაინიშნა. ჩემი ხარაგაული წერს, რა გეგმები და ხედვები აქვს ახალ ხელმძღვანელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

– საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი და ადგილობრივი ხელისუფლების შემოთავაზება ჩემთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა, – ამბობს ბესო კვირიკაშვილი, – ჩვენი სამსახური ბევრი გამოწვევის წინაშეა, მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 080 ათასი ლარით ფინანსდება. ეს თანხა ოთხ პროგრამაზეა განაწილებული:

ზაფხულში ნარჩენების რაოდენობა იზრდება. ურნები არასაკმარისია. დაბა ხარაგაულში ურნებს ყოველდღე ვცლით. კვირაში ერთხელ ნარჩენები კიცხის ზონის, ჩხერიმელას ხეობისა და ძირულას ხეობის სოფლებიდან გამოგვაქვს.

ურნები არასაკმარისია. მივმართეთ მერიას, რომ დამატებით ურნები და ნაგავმზიდი მანქანა შეგვიძინონ. იმ სოფლებში, სადაც გზები ეწყობა, ურნები აუცილებლად უნდა განთავსდეს. როდის დააკმაყოფილებს მერია ჩვენს მოთხოვნას, ჯერჯერობით, არ ვიცი.

ჩემთვის ცნობილია, რომ სოფლებში მოსახლეობას ასანიზაციის მანქანის დაქირავება ძვირი უჯდება. ვფიქრობ, რომ ეს მანქანა ჩვენ შევიძინოთ და მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასებში მოვემსახუროთ. თუმცა, ჯერ უფრო პრიორიტეტულად ურნების შეძენა მიმაჩნია.

გარეგანათების არსებული ქსელი თუ სადმე დაზიანდა, მის აღსადგენად თანხა გვაქვს. გარე განათება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბევრ სოფელში მოეწყო.

მწვანე ნარგავებსა და სკვერებს მხოლოდ დაბა ხარაგაულსა და ბორითის ცენტრში ვუვლით. ნერგები საკმაოდ ძვირი ღირს. ვფიქრობ, საკუთარი სანერგე მეურნეობის მოწყობა უფრო ხელსაყრელი იქნება.

ხარაგაულის თვითმმართველობას არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაწყებული პლასტმასის ბოთლებისა და ცელოფნების შეგროვება-რეალიზაციის პროექტი უნდა გაეგრძელებინა. ამ საკითხს არ ვუყურებ ასე, რომ პლასტმასს არავინ შეიძენს. უნდა მოვიძიოთ და დავაინტერესოთ ორგანიზაციები ან კერძო პირები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

ერთი კვირაა, რაც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსად დავინიშნე. ბუღალტერთან ერთად გავეცნობი სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც ჩვენი ორგანიზაციისგან საწვავის ხარჯვის კანონიერებას ეხება. ყველა შენიშვნასა და რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.

წლის ბოლოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარის დამატება საწვავის შესაძენად და გარე განათების ქსელის ექსპლოატაციისთვის დაგვჭირდება.

ჩვენი ბიუჯეტის 76% ხელფასებში იხარჯება. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიით მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ. სოფლებში რომ გზები დაიგება, სავარაუდოდ, მეეზოვის შტატების დამატება დაგვჭირდება.

160 თანამშრომლიდან ყველა საჭიროა, მაგრამ საქმეც მეტი უნდა გაკეთდეს.

წლის ბოლომდე გამოვაცხადებთ ტენდერს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად.

მოსახლეობას ერთ რამეს მოვუწოდებ, სადაც ურნებია, იმ ტერიტორიაზე ნარჩენებს ქუჩებში ნუ გადაყრიან. გაუფრთხილდნენ გარემოს ისე, როგორც საკუთარ სახლსა და ოჯახს. მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ მუნიციპალიტეტში ურნების რაოდენობა გაიზარდოს და ნარჩენები ყველა სოფლიდან გამოვიტანოთ.