ადიგენის სოფელ დერცელში, შვიდ ჰექტარ მიწის სადავო ნაკვეთზე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თიბვა განაახლეს. ადგილობრივები, რომლებიც ამავე ნაკვეთს წლების განმავლობაში ეპატრონებოდნენ, ამბობენ, რომ მღვდლებმა დადებული შეთანხმება დაარღვიეს და სასამართლო გადაწყვეტილებას არ ელოდებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დერცელსა და კიკიბოში დაახლოებით შვიდი ჰექტარ მიწის ფართობზე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თიბვა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყეს. ამის გამო, ადგილობრივებმა პროტესტი გამოთქვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ტერიტორია სადავოა, რადგან წლების განმავლობში მას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, აქ მცხოვრები 13 ოჯახი იყენებდა, ახლა კი მისი მესაკუთრე საქართველოს საპატრიარქოა. კერძოდ, ტერიტორიას ზარზმის მონასტრის ბერები თიბავენ.
დერცელში მცხოვრებლები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე დავობენ, ამბობენ, რომ ივლისში, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე სასულიერო პირებმა თიბვა შეაჩერეს. დაახლოებით ორ კვირიანი პაუზის შემდეგ კი, ამავე ტერიტორიაზე სათიბი ტექნიკა ისევ გამოჩნდა: „ჩვენ გვყავს შუამავალი პირი, რომლის საშუალებითაც დავდეთ პირობა, რომ მანამდე არ უნდა გაცელილიყო ეს ტერიტორია, სანამ საქმე არ გაირკვეოდა. რატომღაც დღეს ეს პირობა შეიცვალა, ამოვიდნენ ტრაქტორები და ცელავენ“, – ამბობს დერცელის მკვიდრი ოთარ ბერიძე.
მისივე თქმით, სოფელში ადგილობრივებმა პოლიციაც გამოუძახეს: „პოლიციას დავურეკეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი. გვინდა მშვიდობიანად მოგვარდეს, მაგრამ პოლიციას არაფერი შეუძლია. ეს მღვდელი ამბობს ტერიტორია ჩემიაო, საბუთი მე გავაკეთეო. ცელავს, უნდა წაიღოს თივა და ჩვენ გლეხმა ხალხმა რა უნდა გავაკეთოთ გამაგებინეთ?!“.
ჰქონდა თუ არა ორ მხარეს რაიმე სახის შეთანხმება, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭემ“ ზარზმის მონასტრის წინამძღვართან, ნიკოლოზ გეწაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, მას ტელეფონი გამორთული აქვს. თუმცა ივლისში, როცა სასულიერო პირებმა ტერიტორიის გათიბვა დაიწყეს, ნიკოლოზ გეწაძემ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის და სამუშაო პროცესს აუცილებლად გააგრძელებდა: „ჩემია და მოვთიბავ, აბა რას ვიზამ?! სასამართლოს გადაწყვეტილება კი არა, მთავრობის გადაწყვეტილება იყო. მთავრობამ დაუბრუნა მონასტერს მისი კუთვნილი ტერიტორია და აქ რა შუაშია სასამართლო?! მონასტრის ტერიტორიაა ის, სადაც მაგათ თითქოსდა „დავა“ უნდათ. თუ მათ რაღაცა არ მოსწონთ და დაობენ, ეს მათი საკითხია და იდაონ, რაც უნდათ ის გააკეთონ. მე თავი დამანებონ, ჩემს ტერიტორიაზე ვარ“.
სადავო მიწის ნაკვეთის შესახებ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 2019 წლის 11 ნოემბერეს გამოიტანა.
ამის შემდეგ, ადგილობრივებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც ჯერ მხოლოდ ერთი პროცესი გაიმართა და შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
დერცელსა და კიკიბოში მცხოვრებელები ამბობენ, რომ მოსალაპარაკებლად სასაულიერო პირებს უნდა ესტუმრონ.