ადიგენში, დერცელსა და კიკიბოში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთებზე მართლმადიდებლურმა მხარემ თიბვა დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმები კი, რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით, ამ ფაქტს აპროტესტებენ. სადავო მიწის ნაკვეთების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა უკვე გაიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწის ნაკვეთების საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება ამ სოფლებში არსებულ 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამენ ერთი მხრივ, დერცელსა და კიკიბოში მცხოვრები 13 ოჯახი და მეორე მხრივ საპატრიარქო, კერძოდ ზარზმის მამათა მონასტრის სასულიერო პირები.
2019 წლის 11 ნოემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ეს ტერიტორია საპატრიარქოს მიაკუთვნა. თუმცა 13-მა ოჯახმა და მათმა ადვოკატებმა (ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი) საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
პროცესი 15 ივლისს გაიმართა და 28 ოქტომბრამდე გადაიდო, რადგან, როგორც მოსარჩელე მხარე ამბობს, ადგილმდებარეობის იდენტურობის შესახებ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის მიუხედავად, სადავო ტერიტორიაზე 21 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა თიბვა დაიწყეს. ეს ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს:
„ავედით დერცელში, ტრაქტორი თიბავს იქაურობას. ვითხოვდით, რომ სანამ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას შეჩერდნენ. გუშინ გააჩერეს ტრაქტორი და წავიდნენ. მაგრამ ეს ტერიტორია თუ მაგათმა გათიბეს, ჩვენ აღარ დაგვრჩება თივა. ეს სადავო ტერიტორიაა და არ უნდა თიბავდნენ. ჩვენ მათ დავუთმეთ ერთი ჰექტარი და იქ კი ბატონო გათიბონ, მაგრამ ახლა სხვა მხარესაც გადავიდნენ“, – ამბობს ადგილობრივი დათო ბერიძე.
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაზე ადასტურებს, რომ ტერიტორიის გათიბვა ნამდვილად დაიწყეს. მისი თქმით, სახელმწიფომ ეს ტერიტორია საპატრიარქოს მიაკუთვნა და გათიბვის სრული უფლება აქვს: „ჩემია და მოვთიბავ, აბა რას ვიზამ?! სასამართლოს გადაწყვეტილება კი არა, მთავრობის გადაწყვეტილება იყო. მთავრობამ დაუბრუნა მონასტერს მისი კუთვნილი ტერიტორია და აქ რა შუაშია სასამართლო?! მონასტრის ტერიტორიაა ის, სადაც მაგათ თითქოსდა „დავა“ უნდათ. თუ მათ რაღაცა არ მოსწონთ და დაობენ, ეს მათი საკითხია და იდაონ, რაც უნდათ ის გააკეთონ. მე თავი დამანებონ, ჩემს ტერიტორიაზე ვარ“, – ამბობს სასულიერო პირი.
ადიგენში, 13 ოჯახი დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა.
დერცელი-კიკიბოს საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სოფლებში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა და არა ადგილობრივების.
EMC-ის ადვოკატები სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
დერცელსა და კიკიბოში მცხოვრები 13 ოჯახის ინტერესების დამცველი, EMC-ის ადვოკატი მერი აღაპიშვილი ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე რაიმე სახის ქმედებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე თავი უნდა შეიკავონ:
„მესაკუთრედ საჯარო რეესტრში თვითონ ეკლესიაა რეგისტრირებული და სწორედ ეს რეგისტრაციის კანონიერება გვაქვს ჩვენ გასაჩივრებული. ფორმალურად, ამ მიწაზე რაღაც საკუთრების უფლება რომ აქვთ აღრიცხული რეესტრში, მაგის მიუხედავად, ჩვენი აზრით თავი უნდა შეიკავონ იქ ისეთი ქმედებებისგან, რაც შეიძლება შემდეგში ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდეს კანონიერი მესაკუთრეებისთვის“.
ადიგენში, აღმსარებლობით მუსლიმ ადგილობრივებსა და მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორის დავა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო.
მართლმადიდებლური მხარე ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია მათ კანონიერად გადაეცათ და უკვე ტაძრის მშენებლობაც მიმდინარეობს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთები მათ სარგებლობაში იყო წლების განმავლობაში და დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ.