ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა

641

ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი დეფაქტო ხელისუფლებამ ისევ ცალმხრივად გახსნა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხიდი 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით იქნება გახსნილი.

მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას საკითხი ენგურის ხიდზე “ჰუმანიტარული დერეფნის” კვლავ გახსნის შესახებ.

“მოსაზღვრე ტერიტორიაზე ბევრია აფხაზეთის მოქალაქე და გალის რაიონის მცხოვრები, რომლებსაც ბინადრობის დროებითი მოწმობა გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა მიზეზით გაემგზავრნენ საქართველოში და ახლა სურთ დაბრუნება სახლში. გარდა ამისა, რუსი კოლეგები გვატყობინებენ იმ ადამიანების რაოდენობის ზრდაზე, ვინც სახლში დაბრუნებას მდინარის გადალახვით ცდილობს. ყოველდღიურად 20-30 დამრღვევს იჭერენ. ამიტომაც არსებობს აზრი, მათი ლეგალურად შემოშვების შესახებ”, – განაცხადა ლატიპოვმა.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით, 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

პანდემიის შემდეგ გალში შექმნილი პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DღI)”. ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს რომ, არსებული პრობლემების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად მიმალვით უწევთ ენგურის გადაცურვა.

ცნობისთვის, სოხუმმა 1 აგვიტოს გახსნა ასევე პანდემიის გამო 28 მარტიდან ჩაკეტილი “საზღვარი” რუსეთთან. მდინარე ფსოუს ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილებას განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე ორმხრივად ახერხებენ მოქალაქეები.

სულ აფხაზეთში, კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. გარდა ამისა, 2 აგვისტოს აფხაზეთიდან დანარჩენ საქართლოში გადმოიყვანეს 55 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.