ზურაბ ჭიაბერაშვილი: წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარე კაბალმა კალაპოტი არ გადმოლახოს

482

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლება მოქალაქეების პრობლემების მიმართ უყურადღებობასა და გულგრილობას იჩენს.

როგორც ჭიაბერაშვილმა ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ განაცხადა, წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს.

„დღეს ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი მოვინახულე, სადაც წუხელ ადიდებულმა მდინარე კაბალმა ოჯახებს ნათესები გაუნადგურა, კარ-მიდამო დაუტბორა, ფრინველი დაუხოცა, გზები მოუშალა. ხომ მძიმეა მიყენებული ზიანი, მაგრამ ოჯახებს სასოწარკვეთაში აგდებს ხელისუფლების უყურადღებობა და გულგრილობა. წლებია, დამცავი ინფრასტრუქტურა არ განახლებულა, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს. მეორე საკითხია დაზარალებულთა დახმარება, რომელზეც ბიუჯეტის მჭამელი „ოცნება” სულ უსახსრობას იმიზეზებს. დაზარალებულებს დახმარება სჭირდებათ!”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გუშინ, ღამით მდინარე კაბალმა სოფლები დატბორა. ადგილობრივებს ნათესები გაუნადგურდათ და ფრინველები დაეხოცათ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.