თელავის მუნიციპალიტეტი წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულად ჯილდოებს დააწესებს

417

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდო დაწესდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თელავის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე მიიღო.

საკრებულომ მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტულ შედეგებს აჩვენებენ.

ამ პროექტის ინიციატორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილია. ინიციატივის მიზანი მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

„ჩემი ინიციატივა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენებისა, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტული შედეგებს აჩვენებენ. ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო 2021 წლიდან გადაეცემათ.