გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა და 2020 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რწმუნებულის ანგარიშის პრეზენტაცია უფლისციხის მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა 2020 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს.
კერძოდ, ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენისა და ძამას ხეობებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემოდგომით კი გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს.
2020 წელს 79,7 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი 597 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. ასევე, პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც.
როგორ რწმუნებულმა აღნიშნა, დაგეგმილია ატებისა და ძამას ხეობებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მიენიჭება.
შემოდგომაზე გორის მუნიციპალიტეტს 30 ავტობუსი გადმოეცემა, ავტოპარკის მშენებლობა კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აქტიურ ფაზაშია მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების პროცესი. უკვე დასრულდა დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურისა და გიორგი მაზნიაშვილოს სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია.
პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, განათლების, მეცნიერიების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – თამარ ქიტიაშვილი და შალვა გოგოლაძე, პარლამენტის დეპუტატები, სასულიერო პირები, სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ხოჯევანიშვილი დაასახელა. კანდიდატებად დასახელებულმა სახელმწიფო რწმუნებულებმა პოლიტიკურ თანამდებობები 1 აგვისტოს დატოვეს.