რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა და გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული ჰქონდა.
არჩილ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. „ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. გარკვეული დროის უკან გადავწყვიტე ეს. რაც შეეხება სტიქიას და მასთან კავშირს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა სტიქიის პრევენციული ღონისძიებების მართვა. პირველივე წუთიდან, როცა სტიქია მოხდა, მე ჩართული ვიყავი აქტიურად… გადანაწილებული იყო ფუნქციები სამინისტროებს შორის და მე დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება“ , – თქვა არჩილ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, არანაირი კამათი და უთანხმოება მაჟორიტარ დეპუტატთან არ ჰქონია.
არჩილ ჯაფარიძემ მთავრობას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებით მიმართა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად არჩილ ჯაფარიძე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა. მანამდე იყო ამბროლაურის საკრებულოს წევრი.