არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობის დატოვება პანდემიის დაწყებამდე სურდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ თანმდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძის სურვილი, თანამდებობის დატოვების შესახებ, მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო.
„არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობის დატოვება პანდემიამდე სურდა, თუმცა შემდეგ შექმნილი მდგომარეობის გამო თავი შეიკავა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, 4 წელი საკმაოდ დიდი დროა ადამიანის თანამდებობაზე ყოფნისათვის.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად არჩილ ჯაფარიძე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილის თანამდებობა. მანამდე იყო ამბროლაურის საკრებულოს წევრი.