ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

544

წინა სტატია

ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გამოცემის ცნობით, საჯარო ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ სახელმწიფო ქონების სააგენტოდან ორჯერ, 16 ივნისს და 13 ივლისს გამოითხოვა, ორივე წერილი, რომლითაც ივანიშვილის კომპანიის სახელმწიფოსთან გარიგებას უკავშირდებოდა, უწყებამ უპასუხოდ დატოვა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გარდა იმისა, რომ საჯარო ინფორმაცია კანონის გათვალისწინებულ ვადებში არ გასცა, არც განმარტება გაუკეთებია, თუ რატომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია.

„სამხრეთის კარიბჭე“ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვნილის კომპანიის სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების შესახებ ითხოვდა. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება აბასთუმანში, ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორიას, რომელიც ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია „სანაპიროს ხედმა“ 2019 წელს, ელექტრონულ აუქციონზე შეიძინა.

როგორც ცნობილია, გარიგებას თან ახლდა ვალდებულება, რომელიც „სანაპიროს ხედს“ ქონების პრივატიზაციისას დაეკისრა. საპრივატიზაციო ვალდებულების თანახმად, ამ ადგილზე სასტუმრო და ორი საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს. ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ივანიშვილის კომპანიას შორის 2019 წლის 1-ელ მარტს გაფორმდა.

როგორც საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზიდან ირკვევა, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი ივანიშვილის კომპანიამ უკვე შეასრულა, თუმცა ამონაწერებდან ირკვევა რომ გარდა 1–ლი მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, კომპანიას კიდევ აქვს ვალდებულება, რომელიც 2019 წლის 20 აგვისტოსაა დარეგისტრირებული.

“ჩვენი ორივე წერილი, რომლითაც ქონების სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით, სწორედ „სანაპიროს ხედსა“ და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდებოდა.

რატომ ვერ ხერხდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ამ კითხვით ქონების სააგენტოს პრესსამსახურს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა უწყებაში არავინ მოიძებნა ისეთი, ვინც საკითხზე კომენტარს გააკეთებდა. პრესსამსახურში არც ის დაგვიდასტურეს, იყო თუ არა გასაიდუმლოებული ივანიშვილის კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება,”- წერს გამოცემა.

კანონით, საჯარო უწყებამ საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გასცეს. იურისტი ქეთი ბებიაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ეხებოდა საიდუმლო ინფორმაციას, უწყება ვალდებული იყო ამის შესახებ ინფორმაციის მომთხოვნისთვის წერილობით ეცნობებინა. თუმცა უწყებიდან დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა შპს “სანაპიროს ხედმა” აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობოებით, 3 540 000 ლარად 2019 წლის თებერვალში შეიძინა.

შპს “სანაპიროს ხედის“ დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.