ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა

929

შპს „ცისარტყელამ“ რომელიც, კურორტზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 43 000 ლარად შეიძინა. მშენებარე სასტუმროს ჩათვლით კომპანია აბასთუმანში 18 545 კვ.მ ტერიტორიას ფლობს. ივანიშვლისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების შენაძენი კი ბოლო ორ წელიწადში აბასთუმანში 48 ათას კვ.მ–ზე მეტია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ელექტრონული აუქციონი, რომლითაც შპს „ცისარტყელამ“ 114 კვ. მიწის ნაკვეთი შეიძინა, წელს, 2 ივნისს დასრულდა. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

შპს ცისარტყელას 51%–იანი წილის მფლობელი შპს ტურიზმის განვითარების ფონდია, რომლის 100%–საც, ივანიშვილთან დაკავშირებული პანამაში რეგისტრირებული კომპანია სს FRANKSTON INTERNATIONAL ფლობს. კომპანიამ აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და თავდაპირველად 9 709 კვ.მ ტერიტორიას ფლობდა. სასტუმროს მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის დეკემბერში კომპანიამ უპირობო აუქციონის წესით სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონ ლარად შეიძინა. 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში ცისარტყელამ სასტუმროს მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი, ჯამში 3 183 კვ.მ დაიკანონა. 144 კვ. მიწის ნაკვეთი კი ელექტრონული აუქციონით ივანიშვილის კომპანიამ წელს, 2 ივნისს შეიძინა.

შპს ცისარტყელას გარდა აბასთუმანში 2018 წლიდან მიწის ნაკვეთებს ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ოთხი კომპანია ყიდულობს. კომპანიების უმეტესობა ოფშორშია დარეგისტრირებული და სხვადასხვა ღია წყაროების მიხედვით, მათ ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

შპს „აბასთუმანი 2019“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 18 მარტს დარეგისტრირდა. კომპანია მიწის ნაკვეთებს ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ ყიდულობს. 2019 წლის მაისიდან დღემდე საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, შპს „აბასთუმანი 2019“–ს ორი მიწის ნაკვეთი უპირობო აუქციონის წესით აქვს შეძენილი, ჯამში 1 032 კვ.მ. გარდა ამისა, ივანიშვილის სახლის უკან კომპანიას 45 წლიანი აღნაგობის უფლებით 12 192 კვ.მ ტყის ფართობი აქვს გადაცემული.

შპს აბასთუმანი 2019–ის მფლობელი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

“ოცნების” ლიდერთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია შპს „სანაპიროს ხედია“ რომელიც აბასთუმანში, ყოფილ ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიას ფლობს, ჯამში 25 336 კვ.მ–ს.

„სანაპიროს ხედს“ ოთხი მიწის ნაკვეთიდან სამ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოსთან გარკვეული ვალდებულებები აქვს დაკისრებული, ერთი ნაკვეთი კი უპირობო აუქციონის წესით აქვს შეძენილი. ტერიტორიები კომპანიამ 2019 წლის სხვადასხვა თვეს შეიძინა.
„სამხრეთის კარიბჭემ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შპს „სანაპიროს ხედსა“ და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაცია გამოითხოვა, ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

2020 წლის თებერვლის გარიგების შემდეგ კურორტზე მიწის ნაკვეთებს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართუ“ ბანკიც ფლობს. 3 374 კვ.მ ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის სახლის გარშემო ბანკმა სახელმწიფოსგან გარიგებით ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე ერთ შენობაში გაცვალა. ამ ნაკვეთების გარდა ივანიშვილის ბაკმა დიდველზე 3 ათას კვ. მ ტერიტორიის სანაცვლოდ 50 ათასამდე კვ.მ მიიღო ბაკურიანში, ბათუმსა და მცხეთაში.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მოძიებული ინფორმაციით, აბასთუმანში ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები ჯამში 48 737 კვ. მ ტერიტორიას ფლობენ.