გერმანია საქართველოს 170 მლნ ევროს ოდენობით სესხსა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს

952

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საქართველოში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თანხა მიმართული იქნება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ურბანული განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ენერგოეფექტურიბა, გარემოს დაცვის ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარების და შეღავათიანი სესხის სახით.