ცქიტიშვილი „ანაკლიის კონსორციუმზე“: საარბიტრაჟო პროცესმა, შესაძლოა, ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაყოვნოს

719

წინა სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟო პროცესმა, შესაძლოა, ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაყოვნოს. მან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავარი უცხოელი ინვესტორის საარბიტრაჟო სარჩელი შეაფასა, რომლებიც საქართველოსგან 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ.

„სამწუხაროა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება არბიტრაჟში დავასთან დაკავშირებით, რადგან არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა შეაყოვნოს ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი. რაც შეეხება დანარჩენ კომენტარს, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი უკვე არბიტრაჟში არის შესული, ნებისმიერი დამატებითი სახის კომენტარისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ისინი საქართველოსგან დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.

საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები – ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად და ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან.

ამასთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა და სახელმწიფო მიწების დაბრუნება მოუწევს.  გარდა ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს.

“თიბისი ბანკისა“ და პარტია “ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით კი, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ყველა ვალდებულება შესრულებული იყო და ისინი დავას სასამართლოში გააგრძელებენ.