საქართველოს მთავრობამ კომპანია Altcom-თან მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა მოიგო – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
კომპანიამ 2013 წელს ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი გზა 153 მილიონ ლარად უნდა აეშენებინა. მრავალმილიონიანი ავანსების მიღების შემდეგ, კომპანიამ მხოლოდ 2 კმ ააშენა და ფაქტობრივად გაქრა, რის შემდეგაც მასთან დავა დაიწყო. კომპანიასთან დავა 18.4 მილიონი ევროს ავანსს და 6.7 მილიონი ევროს საბანკო გარანტიას შეეხებოდა.
Altcom-თან ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, მთავრობამ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის აშენებისთვის კონტრაქტი აზერბაიჯანულ კომპანია “აკკორდთან” გააფორმა, რომელმაც ასევე არ შეასრულა კონტრაქტის პირობები და მასთან კონტრაქტიც შეწყდა. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე – 12.5-კილომეტრიანი მონაკვეთიც პრობლემურია, სადაც 2017 წელს 138-მილიონიანი კონტრაქტი იტალიურ ფირმა Todini-სთან გაფორმდა, თუმცა პროექტი სრულფასოვნად არ განხორციელდა და ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.
ორივე კონტრაქტორთან დავა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა. “ალტკომთან” და “ტოდინისთან” დავაში საქართველოს იურიდიული ფირმა White & Case-ი წარმოადგენდა, უშუალოდ “ალტკომის” საქმეზე იურიდიული მომსახურება ბიუჯეტს 8.1 მილიონი ლარი დაუჯდა, Todini-ისთან დავაში, კი, იურიდიულმა ფირმამ 17.6 მილიონი ლარის ანაზღაურება მიიღო. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს წარმატებული დავისთვის იურიდიულ ფირმასაც გადაუხადა მადლობა.
პრობლემური კონტრაქტორების გამო გაიფლანგა მილიონობით ლარი და გადავადდა მთლიანად ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის დასრულება, სადაც მესამე მონაკვეთზე მთავრობა ახლა ხელახალ ტენდერს აცხადებს და პროექტის დასრულებას 2024 წლისთვის ვარაუდობს.
“სამტრედია გრიგოლეთთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი მოცემულობა – ეს არის 51-კილომეტრიანი გზა, რომელიც 4 ლოტად იყო დაყოფილი. 4 ლოტიდან მეორე ლოტი 2020 წელს გაიხსნა და უკვე ვსარგებლობთ ამ გზით. პირველსა და მეოთხე ლოტებზე წელს სრულდება მშენებლობა. პირველ მონაკვეთზე იყო პროექტი, რომელიც შეწყდა, ეს იყო უკრაინული კომპანია და სწორედ დღეს გვაცნობეს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟი მოვიგეთ. რეალურად გზაში დამაწიეს ეს ინფორმაცია.
მინდა, გზების დეპარტამენტსა და იუსტიციის სამინისტროს მივულოცო ეს გამარჯვება. ასევე იმ საერთაშორისო იურიდულ კომპანიას, რომელმაც თავისი კვალიფიკაციით და პროფესიონალიზმით მიაღწია ამ შედეგს. ეს ვითარება გვაქვს პირველ მონაკვეთთან მიმართებაში.
სხვათაშორის მეორე დავაც მოვიგეთ იტალიურ კომპანიასთან (Astaldi) ზემო-ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთზე და იქ ანაზღაურებას დაექვემდებარა, არამხოლოდ იურიდიული ხარჯების 80%, არამედ მრავალი სხვა გარემოებაც და ჩვენ ანაზღაურებული და მიკუთვნებული საუბარი გვაქვს, დაახლოებით, 150 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მეორე კონტრაქტორი (აკკორდი), რომელთანაც ასევე მოგვიწია ხელშეკრულების შეწყვეტა აზერბაიჯანული კომპანია იყო. იქაც სხვადასხვა მექანიზმი და საბანკო საგარანტიო მექანიზმები ყველგან ამოქმედებული გვაქვს. ანაზღაურებულიც კი არის, მაგრამ ასევე დავები მიმდინარეობს. ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს ის სამუშაოები, რომლებიც წელს დასრულდება და ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, მიჰყვება გეგმაზომიერად პროექტს და ეს, რა თქმა უნდა, მისასამლებელია ამ მიმართულებით. მეოთხე მონაკვეთზეც, სადაც ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, იქაც ვადაგადაცილების გამო ჯარიმები არის დაკისრებული, მაგრამ აღნიშნული კონტრაქტორი პროექტს ასრულებს. დაერთების პროექტს ასევე ქართული კომპანია ახორციელებს.
ახსენეთ კომპანია Todini. ბევრს არ ვიტყვი ამ მიმართულებით, რადგან საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, მაგრამ ამის პარალელურად, ყაზახეთში საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული პროცესი მოვიგეთ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეყვანილია კრედიტორთა რიცხვში; როდესაც ვსაუბრობთ რეაგირების ეფექტიანობაზე, ეს არის ის მაგალითები, რომლებიც გაგიზიარეთ.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი, სადაც “ტოდინი” იყო კონტრაქტორი და შეწყდა, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და აქაც გათვალისწინებულია, რომ 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც არის 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს,” – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა