ლევან დავითაშვილი: ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმიტომ ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს

306

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის თქმით, გადარჩეულმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი იმიტომ მიიღეს, რომ “დრო არ დაიკარგოს”.

როგორც მან აღნიშნა, “2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს”.

“იურიდიულად ეს პროცესი არის გამართული ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ სამი დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს ამტკიცებენ იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები, იმისთვის, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაონ”, – თქვა დავითაშვილმა.

ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი საკრებულო მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. მათი შეფასებით, პროცესი არალეგიტიმურია.