საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში. დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა.
არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა.
ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წელს დასრულდება. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
2018-2022 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით ამოღებული თანხების ჯამური ოდენობა დაახლოებით 311 მილიონ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.