თურნავა: „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია

645

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. მინისტრის შეფასებით, კონსორციუმი საკითხის პოლიტიზირებას და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს.

მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულებას „თავი ვერ მოაბა“.

„კონსორციუთან ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა, ახლა 2020 წელია და ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ უკვე ანაკლიის მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონსორციუმმა სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მოვალეობა და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას. ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა და ასევე მცდელობა, რომ მთავრობას ხელი შეგვიშალოს ახალი ინვესტორის მოძიებაში. ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ სატენდერო პაკეტის განახლებაზე და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“,-აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, როგორც დღეს გახდა ცნობილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ისინი საქართველოსგან დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.

საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები – ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად და ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან.

ამასთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა და სახელმწიფო მიწების დაბრუნება მოუწევს.  გარდა ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს.

“თიბისი ბანკისა“ და პარტია “ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით კი, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ყველა ვალდებულება შესრულებული იყო და ისინი დავას სასამართლოში გააგრძელებენ.