ყოფილი სანატორიუმები და სასტუმრო – რას ყიდის ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოში

429

წყალტუბოში 14 მსხვილი ობიექტი იყიდება. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 13 ყოფილი სანატორიუმის და ერთი ყოფილი სასტუმროს შენობა გაიტანა. ობიექტების ჯამური ღირებულება 47 007 300 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გასასხვისებელ ობიექტებს შორის, ყველაზე ძვირადღირებული ყოფილი სანატორიუმის “უშიშროების” შენობაა, რომლის ფართი 6 686. 16 კვ. მ-ს შეადგენს. აუქციონზე მისი გასაყიდი ფასი 8 470 000 ლარია, სადაც შენობის ახალმა მფლობელმა 25 410 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ობიექტების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ.

წყალტუბოს აღორძინების პირობა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დადო. ამის შესახებ მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ქართუ ფონდი” სანატორიუმებს შეისყიდდა, წყალტუბოს განვითარების პროექტს კი შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია „KohL&Partners“ შეიმუშავებდა. გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენებულიყო ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ჯამში, ამ ინვესტიციით ქალაქში 15 000 – 20 000 ადამიანის დასაქმება იყო დაანოსებული.

წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მორიგ ჯერზე პრემიერმა დააანონსა. 5 ივლისს, იმერეთში ვიზიტად მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოც ჩაერთვება.