ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა

1104

ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა – ამის შესახებ კვლევას ა/ო “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ერთ-ერთი იურიდიული პირი კი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ბოლოს დააფუძნა ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისია”. მისი შექმნის საფუძვლად მერიამ ფულადი სახსრების ეკონომია დაასახელა, თუმცა, გარეგანათების ქსელისა და შუქნიშნების მოვლა/ექსპლოატაცია მერიას დღეს მეტი უჯდება, ვიდრე გასულ წლებში.

“ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” 2018 წლის 23  იანვრიდან მუშაობს, მისი ძირითადი ფუნქცია გარე განათების 16,000 წერტილისა და 29 შუქნიშნის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაციაა.

“ქუთგანათების სერვისის”  შექმნამდე ქუთაისის მერია განათების ქსელის ექსპლოატაციის მომსახურებას ტენდერით ყიდულობდა, რომელშიც 2012-2017 წლებში უკონკურენტოდ შპს “გლობალ სერვისი” იმარჯვებდა.

“ქუთგანათების სერვისმა” გარე განათების წერტილებისა და შექნიშნების ექსპლუატაციისთვის 2018 წელს 1,626,587 ლარი დახარჯა, 2019 წელს – 1,506,145 ლარი, 2020 წელს კი 1,690,000 ლარს დახარჯავს. გარდა ამისა ა(ა)იპი ქუთაისის მერიისგან დამატებით იღებს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს.

კომპანიის შექმნისას საშტატო ნუსხა 43 ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო  ანაზღაურება თანამშრომლებისთვის ჯამურად  32,650 ლარით განისაზღვრა. 2019 წელს თანამშრომელთა რაოდენობა 51-მდე, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ანაღაურება 39 900 ლარამდე გაიზარდა,”- აცხადებენ “გამჭვირალობაში”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2015-2017 წლებში გარეგანათების ქსელის ექსპლოატაციის სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს. ასევე, სანათების შესყიდვის დროს იზღუდებოდა კონკურენციის პრინციპი. მიუხედავად ამისა, 2018-2019 წლებში 2015-2016-თან შედარებით მომსახურების ღირებულება გაიზარდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ 2015-2017 წლებში ტენდერი არაგონივრული ხარჯთაღრიცხვით ცხადდებოდა და არაკონკურენტულ გარემოში ტარდებოდა. 2018 წლიდან “ქუთგანათების სერვისის” შექმნას კი ხარჯების შემცირება არ გამოუწვევია.

“მონაცემთა შეჯამების შემდეგ მივმართეთ ქუთაისის მერიას კითხვით, რამ გამოიწვია ხარჯების ზრდა და რატომ არ იქნა მიღწეული ა(ა)იპის შექმნისას დასახული მიზანი. მერიამ ხარჯების ზრდა არ დაადასტურა. კითხვაზე საპასუხოდ მოგვაწოდა მონაცემები მომსახურებისა და ელ.ენერგიის ხარჯვის შესახებ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც მერიისა და ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისის” მიერ მანამდე მოწოდებულ მონაცემებთან, ასევე შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ და აუდიტის დასკვნაში მითითებულ ინფორმაციასთან.

ქუთაისის მერიის 2020 წლის 23 აპრილის წერილში არასწორადაა მითითებული 2015-2017 წლებში მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. მერიამ შპს “გლობალ სერვისს” 2015 წელს 1,340,395 ლარი ( SPA140027321), 2016 წელს 1,357,375 ლარი ( SPA150031723), 2017 წელს კი 2,331,252 ლარი (SPA160030098) გადაუხადა. ასევე, 2018 წელს ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისს” 3,463,000 ლარის ოდენობის სუბსიდია მიეცა, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯმა  1,836,413 ლარი შეადგინა. 2019 წელს ა(ა)იპს 3,413,500 ლარი გამოეყო, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯი 1,907,355 ლარი იყო,”- წერია კვლევაში.

მერიის მოწოდებული ინფორმაციით, “ქუთგანათების სერვისი” დღეს საგზაო ნიშნებს ამონტაჟებს და გზებს ხაზავს, რასაც “გლობალ სერვისი” არ აკეთებდა, თუმცა დღეს იგი პასუხს აღარ აგებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ვიდეოკამერების გამართულ მუშაობაზე, რაც ადრე “გლობალ სერვისის” სატენდერო პირობებში შედიოდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, ქუთაისის მერიამ გარეგანათებისა და შუქნიშნების საექსპლოატიციო მომსახურება უნდა განახორციელოს არა მუნიციპალური იურიდიული პირის მეშვეობით, არამედ შეისყიდოს ტენდერის მეშვეობით. ტენდერის გამოცხადებამდე კი მუნიციპალიტეტმა მომსახურების სავარაუდო ღირებულება გონივრულად დაიანგარიშოს, სატენდერო პირობები კი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ტენდერები კონკურენტულ გარემოში გაიმართოს.