ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა

486

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ „თანამდებობას“ 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა მიმდინარე წლის 16 იანვარს ის გაათავისუფლეს და 20 იანვრიდან ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.

სერგეი შამბა 1951 წლის 15 მარტს გუდაუთაში დაიბადა. 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წლის დეკემბრიდან შამბა ე.წ. პარლამენტის წევრია. ის 2016 წლის იანვრიდან პარტია „ერთიან აფხაზეთს“ ხელმძღვანელობს.