მარნეულის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის პირველი ეტაპი ორი კვირაა დაიწყო, თუმცა, როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაურ ქარამოვი ამბობს, აქტივობა დაბალია. ამ ეტაპზე სრულადაა შევსებული მხოლოდ ქალაქ მარნეულის საბავშვო ბაღები, რაც შეეხება სოფლებს, ქარამოვის განმარტებით რეგისტრაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„მსურველები ძალიან ცოტაა. რასაც ველოდებოდით იმაზე ნაკლები არის, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმის გამოა, რომ ინფორმაცია ცოტა გვიან იყო გავრცელებული რეგისტრაციის შესახებ. ჩემი აზრით, მეორე ეტაპზე იქნება ბევრი მსურველი. ქალაქში დაახლოებით 300 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. სოფლებში ინდივიდუალურადაა. არის სოფელი, სადაც მხოლოდ ორი ბავშვია დარეგისტრირებული, ჯერ ბოლომდე შევსებული არ არის. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 24 აგვისტოდან იწყება“, – ამბობს ზაურ ქარამოვი.
რა საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციისთვის:
1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული;
2. ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (სამედიცინო ფორმა #IV-100);
3. ბავშვის ფოტოსურათი 4 ცალი;
4. მშობლ(ებ)ის პირადობის ასლ(ებ)ი;
5. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი მარნეულში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იყო შეჩერებული. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის მისაღებად მშობელმა უნდა მიმართოს იმ საბავშვო ბაღს, და სასკოლო მზაობის ცენტრს სადაც სურს შვილის ჩარიცხვა. ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში, ქალაქ მარნეულის N4 საბავშვო ბაგა-ბაღსა და ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვის რეგისტრაციის მიზნით ა.წ. 21 ივლისიდან მშობელმა უნდა მიმართოს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანებას. რეგისტრაცია დაიწყება 9:00-დან და გაგრძელდება 17:00 საათამდე.