ხონის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო

411

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამჯერად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კომპანია წყლის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებს იწყებს. გამოცხადებულ ტენდერში შპს „საბა“-მ გაიმარჯვა, სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას 9 თვე აქვს.

სამუშაოები სვანებისა და ფრანგების უბნის მცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა.

ამ დროისთვის, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭებიდან იღებენ. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს, ჭაში წყლის დებიტი იკლებს და წყალმომარაგების კუთხით, მოსახლეობას პრობლემები ექმნება. სოფელში ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს.

პროექტის ღირებულება 2 379 996 ლარია.