რა პასუხი აქვთ ახალციხელ დეპუტატებს არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე

402

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშს ეხმაურებიან. ხუთი დეპუტატიდან ორი ამბობს, რომ ამ შეცდომის გამო დაჯარიმდა კიდეც, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეცდომა არ დაუშვია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 თანამდებობის პირიდან ხუთ მათგანს ქონებრივი დეკლარაცია არასწორად აქვს შევსებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ამ დეპუტატებიდან ოთხი კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო ერთი ფრაქციის თავმჯდომარე.

არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო, ჯარიმა 1 000 ალრის ოდენობით გადახდილი აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ვასილ სისვაძეს. იგი 2014 წლიდან დღემდე ახალციხის საკრებულოში თანამდებობის პირია, თუმცა მხოლოდ 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე მარინე ასანიძე შპს „ზღაპარის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორია. აქვე, მას არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე 2011 წლის 23 სექტემბრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული.

სისვაძე ამბობს, რომ შეცდომა შემთხვევით დაუშვა და წლების შემდეგ მაზე დაწერა მიუღებელია: „2014 წელს რაღაცა შემეშალა, გამომრჩა. ეს შპს საერთოდ იმის მერე არ მოქმედებს და ეს დამიწერეს. ჯერ იმხელა სინდისი უნდა ჰქონდეს, რომ ამხელა დამსახურების კაცს მაგას მიწერენ. გამომრჩა და 1 000 ლარი გადავიხადე ჯარიმა, 2015 წელს, მაგ გამორჩენის გულისთვის. რვა წლის შემდეგ რაღაცებს ქექავენ, ვითომ მმართველ გუნდში რომ ვარ, მიკეთებენ რაღაცას“, – ამბობს სისვაძე.

დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმებულია განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანიც. იგი ახალციხის საკრებულოში თანამდებობის პირი 2014 წლიდან არის, მისი მეუღლე ასია ბაბოიანი კი 2013 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული, თუმცა ბაბოიანს ამის შესახებ 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

მოგვიანებით, 2015 წლის 4 დეკემბერს, დეპუტატის მეუღლემ შპს „ნატ-ელლა ჯგუფი“ დააფუძნა, იგი თავადაა ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც, თუმცა ამბარცუმ ბაბოიანს ამის შესახებ მხოლოდ 2015 წლის დეკლარაციაში უწერია, შემდეგ შევსებულ ოთხ დეკლარაციაში კი – არა.

დეპუტატი ამბობს, რომ შეცდომა არ ცოდნის გამო მოუვიდა და თან არასახული საქმიანობიდან შემოსავალს არ იღებდა: „შპს-სთან დაკავშირებით დამავიწყდა დეკლარაციაში დაწერა. დასამალი არაფერი მაქვს. სანამ დეპუტატი გავხდებოდი, 2004 წლიდან ინდივიდუალური მეწარმე ვარ, ოქრომჭედელი. ჩემი პირველი პროფესია ეს არის. როცა საჯარო მოხელე გავხდი, ჩემი ინდ. მეწარმეობა გავაუქმე. მეუღელეზე მქონდა კიდევ ნამცხვრების საწყობი და ისიც გავაჩერეთ, მაგრამ შპს არ გავაუქმეთ. შევაჩერეთ მუშაობა. რადგანაც ესენი გაუქმებული იყო, იმიტომ არ შევიტანე. ამ შპს-ებით შემოსავალს არ ვიღებ, ხვალაც შეიძლება წავიდე და გავაუქმო“, – განმარტავს ბაბოიანი.

„გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს ეკა ტატალაშვილს დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი შვილი, გიორგი ტატალაშვილი ინდივიდუალური მეწარმეა.

ტატალაშვილი ამბობს, რომ დეკლარაცია არა არასრულად, არამედ არასწორად აქვს შევსებული, მისი შვილი გიორგი ტატალაშვილი უკვე სრულწლოვანი იყო და დეკლარაციაში მისი საქმიანობის ასახვის ვალდებულება არ ჰქონდა.

„იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს ასახული, ვიდრე კანონით მევალდებულებოდა, მაგალითად, ჩემს სრულწლოვან შვილზე, გიორგი ტატალაშვილზე. 2017 წელს ის იყო დარეგისტრირებუბლი ინდივიდუალურ მეწარმედ, მაგრამ მე ვალდებულება არ მქონდა, რომ ჩემი სრულწლოვანი შვილი, რომელიც არ ცხოვრობს მუდიმვად ჩემთან, ამესახა დეკლარაციაში. ანუ არასწორად მაქვს შევსებული და ავსახე, მაგრამ მაშინ მე არ ვიცოდი რომ ინდ.მეწარმე იყო, არ მქონდა ინფორმაცია“, – ამბობს ტატალაშვილი.

დეკლარაციაში ასახვის ვალდებულების არ არსებობაზე საუბრობს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ კურტანიძეც. მას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მამა გოდერძი კურტანიძე კოოპერატივ „ზეუბნის“ თავმჯდომარეა, დედა თამარ კურტანიძე კი, ამავე კოოპერატივის წევრი.

დეპუტატი ამბობს, რომ კოოპერატივი იმ პერიოდში გაქუმებული იყო და მისი არ ასახვა პრობლემას არ ქმნიდა: „ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ როცა კომისიის თავმჯდომარედ დავინიშნე, უკვე გაუქმებული იყო კოოპერატივი. თან კოოპერატივს ფინანსურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია და არც არანაირი პრობლემა არ არის, რომ ფუნქციონირებს მაშინ უნდა ამესახა“.

არ თვლის რომ ქონებრივ დეკლარაციაში შეცდომა აქვს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ გოგსაძეც. მას დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე ნინო სუდაძე არის კოოპერატივ „ორცეფის“ გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. ასევე, დედა, ლამარა გოგსაძე შპს „ქვისარტყელას“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე.

როგორც გოქსაძე განმარტავს, დეკლარაციაში არ შეუტანია ის, რომ მეუღლე კოოპერატივის გამგეობის წევრი იყო, თუმცა ამ კოოპერატივში არსებული მათი ქონება, კერძოდ საქონელი დოკუმენტში ასახული ჰქონდა: „ჩემს მეუღლეს კოოპერატივში რაც ძროხები ჰყავდა, ისინი გვქონდა ჩვენ დეკლარაციაში შეტანილი, რომ მისგან გვაქვს შემოსავალი და გვყავს ის პირუტყვი. რაც შეეხება დედაჩემს, გაფორმებული იყო დედაჩემი შპს-ს მფლობელად, 2017 წელს, მაგრამ მერე იმ წელსვე გადააფორმა ჩემს ძმაზე. დეკლარაციის შევსების დროს არ იყო დედაჩემი მისი მფლობელი. დეკლარაციას ვავსებთ ხოლმე შემოდგომით და დედაჩემი აგვისტომდე იყო მფლობელი”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევა 23 ივლისს გამოაქვეყნა. კანონმდებლობის მიხედვით, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.