ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მოქმედი მაჟორიტარი, კობა ლურსმანაშვილი იბრძოლებს. ლურსმანაშვილის თქმით, ამ დროისთვის გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მზად არის, გუნდის შეთავაზების შემთხვევაში, მერობის კანდიდატი გახდეს.
მისი თქმით, კარგად იცის ხარაგაულის პრობლემები და აქტიურად მუშაობდა მათ გადასაჭრელად.
ხარაგაული – ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი გასულ წლებში უკვე იყო ხარაგაულის მერი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლა.
“ამ ეტაპზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, მე მზად ვარ, ვიბრძოლო. ერთხელ უკვე ვიყავი ხარაგაულის გამგებელი, კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტს და აქტიურად ვაგვარებდი პრობლემებს. მე გუნდური მოთამაშე ვარ და თუ გადაწყვეტენ ჩემი კანდიდატურა დაასახელონ, მე უარს არ ვიტყვი”, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
ცნობისთვის, კობა ლურსმანაშვილს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან მოყოლებული, კონფლიქტი ჰქონდა ხარაგაულის არჩეულ მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან, რომელიც 2 კვირის წინ, 13 ივლისს გადადგა.