გორის მერიის ინფორმაციით, გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი მიმდინარე წელს მოეწყობა მოეწყობა. სკვერის მოწყობის სამუშაოებს პოლონეთის მხარე დააფინანსებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 40 ათას ევრომდე დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
„სკვერის მოსაწყობად გრანტის მოძიებაში პოლონეთის ქალაქ კარტუზის მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა 2016 წელს გააფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. მას შემდეგ რაც მივიღეთ გრანტის მიღების შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობისგან და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან გაფორმდა დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება. გორის მერია სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოცხადებს.“ – განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მარშლის სახელობის სკვერი წმინდაწყლის დასახლებაში მისივე სახელობის ქუჩაზე მოეწყობა, რომელსაც იოზეფ პილსუდსკის სახელი 2015 წელს ეწოდა.
პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე იოზეფ პილსუდსკი 1918-1922 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური იყო. 1921 წელს პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლისა და ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაშინ პოლონეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ვარშავის ქართულ ემიგრაციას პილსუდსკი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად ეხმარებოდა. ქართველი იუნკრებისთვის პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა. ისინი პოლონელებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პოლონურ არმიაში გორელი ჯარისკაცებიც მსახურობდნენ, რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა კატინთან დახვრიტა.
წყარო: აიპრესი