ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს გარკვეული ჯგუფების მიერ დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიზანმიმართული მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„მოსახლეობის ინფორმირებისთვის გვსურს, დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის ისტორიული პროექტის შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.
დაბა კაზრეთში 9-სართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ლიფტების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, 2015 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, დაბა კაზრეთში არსებული ლიფტის შახტების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა განხორციელდა. 2016 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, პროექტის ტექნიკურ ექსპერტიზას და მის განსახორციელებლად დაფინანსების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებდა. მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟების პროცესი კი 2017 წელს დაიწყო. სამუშაოები ეტაპობრივად, სამი წლის მანძილზე განხორციელდა. 68 შახტიდან 64 „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი ლიმიტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა ღირებულებით 3 500 000 ლარი, ოთხი შახტა კი კომპანია “არემჯიმ’’ აღადგინა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის განხორციელებაში სხვა რომელიმე კერძო კომპანიასა თუ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
ლიფტების შახტების აღდგენის პროექტი კანონის სრული დაცვით განხორციელდა და დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ.
ამ ისტორიული პროექტის განხორციელებამ დაბის მაცხოვრებლებს ლიფტების პრობლემა სრულად მოუგვარა და ეს ადგილობრივი, ცენტრალური და კერძო სექტორის კოორდინაციული, წარმატებული თანამშრომლობის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გარკვეულ ჯგუფებს არ გაავრცელონ პროექტის შესახებ მცდარი ინფორმაცია და ხელი არ შეუწყონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – აღნიშნულია განცხადებაში.