სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო

933

შემდეგი სტატია

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა კი, ივლისამდე გადაიდო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო. პირველი სხდომა კი, ზუსტად ხუთი თვის შემდეგ, 10 ივნისს გაიმართა.

სხდომაზე მოპასუხე მხარე სრულად წარმოდგენილი არ იყო: „მოპასუხე მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქონების მართვის სააგენტოდან სხდომაზე არ იმყოფებოდა, ასევე კიდევ იყო გადახედვადი საკითხები. რის გამოც, პროცესი 15 ივლისამდე გადაიდო“, – განმარტავს EMC-ის ადვოკატი მერი აღაპიშვილი.

ადიგენში, 13 ოჯახი დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა.

დერცელი-კიკიბოს საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სოფლებში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა და არა ადგილობრივების.

EMC-ის ადვოკატები სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.