დავით ერემეიშვილი ქუთაისის “ტორპედოზე”: მზად ვართ, ინვესტორთან შეთანხმებას წერტილი დავუსვათ

381

წინა სტატია

ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორისთვის გადაცემის პროცესი მალე დასრულდება და კლუბი იტალიელი ბიზნესმენის, ფაბიო მანინოს საკუთრებაში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა  განაცხადა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხი დასკვნით ფაზაშია შესული. ველოდებით ინვესტორს, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ მას არ სურდა, საქართველოში 2-კვირიანი კარანტინი გაევლო, მაგრამ ამაზეც შევთანხმდით, რომ ყოველი 72 საათის შემდეგ ერთჯერად ტესტირებას გაიკეთებს და გუნდთან ურთიერთობის საშუალება ამის შემდეგ მიეცემა“, – ამბობს დავით ერემეიშვილი.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ხელშეკრულების მოწერის მზადყოფნა გამოხატა: „ქუთაისის მერია და სახელმწიფო მზად ვართ, რომ ამ შეთანხმებას, რასაც ინვესტორთან მივაღწიეთ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ“.

დავით ერემეიშვილმა არც ის წვლილი გამოტოვა, რაც ფაბიო მანინოს გუნდის წინაშე გააჩნია: „კლუბში მისვლამდე ის გუნდს ყოველთვიურად თანხებს ურიცხავს. მას ჩვენს ქვეყანასთან და ქალაქთან სხვა გეგმებიც გააჩნია და იმედია, ჩამოსვლის შემდეგ ამ ყველაფერს თავად გააჟღერებს – საუბარია ინვესტიციაზე“.

შეგახსენებთ, ქუთაისის “ტორპედო” რამდენიმე თვის განმავლობაში ინვესტორის გარეშე იყო. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.

ქუთაისის მერიამ ახალ ინვესტორთან შეთანხმების გაფორმება მიმდინარე წლის თებერვლის დასწყისში მოახერხა, მას შემდეგ რაც კლუბში უმძიმესი ვითარება შეიქმნა.

ქუთაისში იტალიელი ინვესტორი ფაბრიციო მანინი თებერვალში ჩამოვიდა, გუნდის შემადგენლობის განახლებაც დაიწყო, თუმცა, პანდემიის გამო პროცესები შეჩერდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქუთაისის “ტორპედოს” ინვესტორისათვის გადაცემის პროცესი შეფერხდა. ამ დრომდე გუნდი კვლავ მერიის მფლობელობაში რჩება.