ქუთაისის “ტორპედო” კვლავ მერიის საკუთრებაში რჩება

541

წინა სტატია

კორონავირუსის პანდემიის გამო ქუთაისის “ტორპედოს” ინვესტორისათვის გადაცემის პროცესი შეფერხდა. ამ დრომდე გუნდი კვლავ მერიის მფლობელობაში რჩება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ტორპედოს” დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება საკითხის გადაწყვეტა. მისივე თქმით, ამ დრომდე კლუბს წვრთნები არ განუახლებია.

“ჯერჯერობით ვარჯიში არ არის დაწყებული, არც ის ვიცით, თუ რა ფორმატით ჩატარდება ჩემპიონატი, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ფეხბურთელების შეკრება ვერ მოხდება.

კორონავირუსის პანდენიის გამო შეჩერდა საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა მემორანდუმი მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის არსებობს, ხელფასების ნაწილი გასტუმრებულია, გაიცა თებერვლის და მარტის თვის ნაწილი. ძველი დავალიანების გასტუმრება კი მოხდება მას შემდეგ,  რაც გუნდი ოფიციალურად ინვესტორის საკუთრებაში გადავა”, -განუცხადა “ნიუპრესს” თემურ ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისში იტალიელი ინვესტორი ფაბრიციო მანინი თებერვალში ჩამოვიდა, გუნდის შემადგენლობის განახლებაც დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო პროცესები შეჩერდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.