ბოლნისის ახალი მუზეუმი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში იან ბიტნერი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის, მოეწყო მედიატურიც.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო.
„მუზეუმში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდანაა წარმოდგენილი. მუზეუმში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების მოღვაწეობასა და მათი ცხოვრების ამსახველ ექსპოზიციას.
მუზეუმში დამთვალიერებელს რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორიის გაცნობის შესაძლებლობაც აქვს. მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.
ბოლნისის ახალ მუზეუმში ასევე განთავსდა სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდა. მუზეუმი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. სამუზეუმო სივრცეში სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ თემებზე გაკვეთილების ჩატარება იგეგმება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუზეუმის სამეცნიერო კონცეფციაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად დასავლელმა სპეციალისტებმაც იმუშავეს. მუზეუმში 1 აგვისტომდე ყველა მსურველისთვის შესვლა თავისუფალია.
ბოლნისის ახალი მუზეუმი კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით აშენდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ახალი მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიული წარსულის სამეცნიერო კვლევას ხელს აქტიურად შეუწყობს.
„მოხარული ვარ, რომ ბოლნისს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მუზეუმი აქვს, რომლის სამეცნიერო კონცეფცია უდაოდ გამორჩეულია. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გარდა აქ დროებითი საგამოფენო სივრცეცაა მოწყობილი. მუზეუმში დიდი ყურადღება ეთმობა მთლიანად ჩვენი რეგიონის ისტორიასა და რაც მთავარია, გერმანულ წარსულს, რაც ვფიქრობ, ვიზიტორებისთვის ძალიან საინტერესოა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „არემჯის“, რომლის ფინასური დახმარებითაც ახალი მუზეუმი აშენდა. ჩვენ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ეს მუზეუმი ტურისტების მოზიდვაში აუცილებლად დაგვეხმარება“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.