პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, ნაფოტები – დაბინძურებული სანაპირო ზოლი ქობულეთში

1302

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, სანაპიროზე ხის ნაფოტები, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები ყრია. ზღვიდან გამორიყულმა ნატანმა 12 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი დაანაგვიანა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოქალაქეები, რომლებსაც თამარ მეფის გამზირზე საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვთ, პლაჟის სწრაფად მოწესრიგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ტურისტებმა ბინები დაცალეს და სხვაგან წავიდნენ. მიზეზად კი დაბინძურებული სანაპირო დაასახელეს.

”​პანდემიის დროს ისედაც ცოტა დამსვენებელია და ახლა დაბინძურებული პლაჟიც დაგვემატა. ვითხოვთ, დროულად გაიწმინდოს პლაჟი, დაამატონ ჯგუფები. ტექნიკა თუ არ ჩაერია, ადამიანები ამას საკუთარი ძალებით სწრაფად ვერ გაწმენდენ”, – უთხრა მაუწყებელს ფიჭვნარის მკვიდრმა.

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ზღვას ნატანი ყოველდღიურად გამოაქვს. პლაჟის დიდი ნაწილი, 6  კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაიწმინდა და სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ის პირობას დებს, რომ დარჩენილი ტერიტორია ორდღეში სრულად მოწესრიგდება.

გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში გამოჰქონდა ზღვას ნარჩენი და ყოველდღიურად უწევდათ დასუფთავება.

”ხვალისათვის ვგეგმავთ ფიჭვნარის სანაპირო ზოლის დასუფთავებას, სადაც ბევრი ნატანია. დილის 5 საათიდან 10 საათამდე მუშაობენ ჯგუფები. ჩემი მუშაობის პრაქტიკაში არ მახსოვს, ზღვას ამ ოდენობის ნატანი გამოერიყოს. უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც პლაჟზე ტურისტია, იქ ტექნიკა შევიდეს და გაწმინდოს ტეტიტორია. დილის საათებში ხდება დასუფთავება და მეორე დილამდე ველოდებით, რა სიურპრიზს მოგვიწყობს ზღვა,” – ამბობს სანდასუფთავების სამსახურის დირექტორი.

ეკოლოგები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი სიტუაციის დროს უმჯობესია, აღნიშნულ მონაკვეთებში ბანაობა დროებით აიკრძალოს, რადგან სანაპიროზე გადაადგილება და ბანაობა საფრთხის შემცველია.