სამწუხაროა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგრძელებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ცრუ ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების გზით და მათ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაცია და არა ობიექტური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში სანაპირო ზოლის დაცვისა და აღდგენის სამუშაოები 2021 წელს დაასრულა. სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის 53 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნაპირდაცვის პროექტირება, მშენებლობა და მშენებლობის ზედამხედველობა შეასრულეს საერთაშორისო იტალიურმა და ჰოლანდიურმა კომპანიებმა.
„ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, სანაპიროს დაცვის ღონისძიებები ჩატარდა დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე. სანაპირო ზოლისა და ბულვარის ტალღების ზემოქმედებისაგან საიმედო დაცვის მიზნით, სანაპირო ზოლზე მოეწყო 1750 მ სიგრძის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაპირსამაგრი კონსტრუქცია.
ნაგებობისთვის გამოყენებულია 3-დან 7 ტონამდე ლოდნარი, რომლის ჯამურმა მოცულობამ 300 000 ტონაზე მეტი შეადგინა. სამუშაოების პროცესში, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, სანაპირო შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, გაიწმინდა და მოწესრიგდა არსებული სადრენაჟე და სანიაღვრე არხები.
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ეფექტიანობა მიმდინარე წლის ძლიერმა შტორმმაც დაადასტურა. შტორმისა და ზღვის ზემოქმედებამ ვერ დააზიანა ახალი ნაგებობა და სანაპიროს ინფრასტრუქტურა. დაზიანდა სწორედ ის ნაწილი, რომელიც არ იყო მოქცეული ბათუმის ნაპირდაცვის პროექტში.
რაც შეეხება სარფის ნაპირდაცვის პროექტს, სამუშაოები შესრულებულია სანაპირო ზოლის 800 მეტრიან მონაკვეთზე. სანაპირო ზოლის სხვა მონაკვეთები ექცევა ბათუმი-სარფის საავტომობილო მაგისტრალური გზის მშენებლობის არეალში და სანაპიროს დაცვის ღონისძიებების შესრულება გათვალისწინებულია სწორედ საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.
ამასთან, სანაპიროს დაცვის ორივე პროექტზე თანხები გადახდილია მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ აგრძელებენ სამინისტროსთან გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.