ასპინძის მუნიციპალიტეტში ექვსი სოფლის გაზსადენის მშენებლობაზე 9 ივლისს 1 576 296 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 25 ივლისს დაიწყება.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გაზიფიცირებისთვის საჭირო გაზსადენის მშენებლობა ასპინძის ექვს სოფელში: იდუმალაში, ორგორაში, ოშორაში, საყუდაბელში, ძველსა და ჭობარეთში დაიწყება.
გარდა ასპინძის მუნიციპალიტეტისა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდიმარე წელს გაზიფიცირება დაიწყება ახალციხისა და ადიგენის კიდევ 12 სოფელში. ამ მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
„აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდება, ტენდერი უნდა გამოცხადდეს. სამივე მუნიციპალიტეტზე ასეთი სიტუაცია იქნება“, – აცახდებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.