ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა პირველი სამუშაო დღე მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკში იმყოფებოდა, ადგილზე გაეცნო ახალი ელექტროავტობუსების დასამუხტი აპარატისა და ტერმინალის მოწყობის სამუშაოებს.
„მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმს 8 ახალი ელექტროავტობუსი წლის ბოლომდე ექნება.
დღესვე არჩილ ჩიქოვანი კობალაძის ქუჩაზე, ბათუმის მეეზოვეებსა და სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პერიოდში, საგანგებო რეჟიმში გაწეული მუშაობისთვის, ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვისა და დაუღალავი შრომისთვის. მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით 72 მიწისქვეშა კონტეინერის რეაბილიტაცია დაიწყო.
არჩილ ჩიქოვანი ასევე ქალაქის მებაღეებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო. მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ისინი ქალაქისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. ბათუმში წელს მილიონამდე ერთწლოვანი ყვავილი და 4000-მდე ხე-მცენარე ირგვება. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბულვარში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. დაათვალიერა COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სანაპიროზე განთავსებული საინფორმაციო დაფები. ბულვარის სანაპიროზე ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა“, – განმარტავენ მერიაში.