ახმეტის სოფელ მატანის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემა მოეწყობა

532

საქართველოს რეგიონებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კომპანია წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. სოფლის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დასრულდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.

,,ამ დროისთვის, სოფელ მატანში ქსელი ამორტიზებულია და არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი რეზერვუარისა და საქლორატორო სადგურის მშენებლობა. ასევე, მდინარე კურტანაძეულის კალაპოტში ახალი დრენაჟის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. წყლის რაციონალურად მოხმარების მიზნით დაგეგმილია აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც. პროექტის დასრულების შემდეგ, 4 500-ზე მეტი ადგილობრივი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.