საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ, მათ შორის, ისეთი, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს და მათი გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან დელეგირების გზით მოხდება. შესაბამისად, დარგობრივ ზედამხედველობასაც სწორედ ეს უწყება გასწევს.
კერძოდ, კანონის მესამე თავის 21-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, მუნიციპალიტეტები, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, მათ უნდა უზრუნველყონ შშმ პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) შეთავაზების ჩათვლით.
ამ მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებს ევალებათ, ვალდებულებების შესასრულებლად შეიმუშავონ და დაამტკიცონ ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით, უზრუნველყოს მის შესრულების ზედამხედველობა, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას, უზრუნველყონ შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყონ მათ იმპლემენტაციას.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონის მესამე თავის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებულნი არიან, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიისკენ მიმართული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ უზრუნველყონ:
- ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება;
- კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებების პროგრამების/პროექტების შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების ყველა ეტაპზე;
- თავიანთ დაქვემდებარებაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავალდებულო მისაწვდომობა.
ახალი კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები, ასევე, ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომდგენლები ორგანიზაციის წევრთა, ასევე მმართველი/გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წევრთა უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ, სათანადო ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად, ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვას და განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც, საქართველოს ორგანული კანონის – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონით – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, ამავე კანონის მესამე თავის 30-ე მუხლით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისადმი გონივრული მისადაგების და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში. ამასთან, აღნიშნული უწყება, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების იმპლემენტაციას.
2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით და შექმნას შშმქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება. აღნიშნული სტანდარტებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალიტეტები, 2025 წლის 1 იანვრამდე, ვალდებული არიან, უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან მათ უნდა უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება.
ამასთან, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, სხვა დაწესებულებების მსგავსად, მთავრობის მიერ მიღებული 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყონ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით, ხოლო 2021 წლიდან უნდა დაიწყონ კანონით მათზე დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულება.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, მუნიციპალიტეტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მსგავსად, ვალდებული არიან, 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელონ უკვე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე, არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენობის ადაპტირება, საექსპერტო დასკვნით, ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია, დამატებით უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები. კანონის გამოქვეყნების მომენტიდან კი შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა უნდა განხორციელდეს “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა” და მის საფუძველზე დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.