საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ, მათ შორის, ისეთი, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს და მათი გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან დელეგირების გზით მოხდება. შესაბამისად, დარგობრივ ზედამხედველობასაც სწორედ ეს უწყება გასწევს.
უმთავრესი სიახლე, რასაც კანონი გვთავაზობს და რომლის დელეგირებაც ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადავა, არის პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა.
როგორც კანონშია განმარტებული, პერსონალური ასისტენტის სერვისი – ეს არის სერვისი, რომელიც სათანადო დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდაში, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისების სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.
პერსონალური ასისტენტი უნდა იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას, ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.
კანონის მეოცე მუხლის თანახმად, პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებს, დაამტკიცებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო თავად სერვისის მიწოდებას განახორციელებენ მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამ სერვისის მოცულობას განსაზღვრავენ და მისი მიწოდების წესს შეიმუშავებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონის ამოქმედების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიისკენ მიმართული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება;
პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.
აღნიშნული სტანდარტებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალიტეტები, 2025 წლის 1 იანვრამდე, ვალდებული არიან, უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან მათ უნდა უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება.