ბოლნისის სოფელ ტალავერში 25 ნაგვის ურნაა, მაგრამ სტიქიური ნაგავსაყრელები მაინც არსებობს

673

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის (ფახრალო) მოსახლეობა სოფელში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის გაწმენდასა და ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მოსახლეობამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სტიქიური ნაგავსაყრელი სოფელში 90-იანი წლებიდან არსებობს.

სოფელ ტალავერის მკვიდრი ფერგან ჰუსეინოვი აცხადებს, რომ სოფელში საკმარისი ნაგვის ურნები არაა. მისი თქმით, შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

„ყველას აქ ყრის ნაგავს და ურნები არაა. რამდენჯერმე მივმართეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაინტერესებულან. მარტიდან დღემდე სულ ამბობებნ მოგვარდებაო. 1-2 წლის წინაც განცხადება შევიტანეთ, მაგრამ არავინ არ დაინტერესებულა. ამბობენ, ვინც ყრის ის დავაჯარიმოთო, მაგრამ ასე არ შეიძლება. წესით აქაურობა უნდა დაასუფთავონ, გზა უნდა გააკეთონ და ნაგვის ურნები დადგან. თუ ურნა არაა სად გადაყარონ ნაგავი? ერთ-ორ ადგილას არის ურნა და ისიც საკმარისი არაა,“ – ამბობს ფეგან ჰუსეინოვი.

სტიქიური ნაგავსაყრელი სოჰბეტტინ აჰმედლიევის სახლთან ახლოს მდებარეობს. სოჰბეტტინის თქმით, ნაგავსაყრელის სუნი ოჯახის წევრებს აწუხებს და ზაფხულობით ეზოში გამოსვლაც შეუძლებელია.

„კატის, ცხვრის და ძაღლის გვამებს აქ ყრიან. ქარი და მზე როდესაცაა სუნთქვა შეუძლებელი ხდება. მერსაც, დეპუტატსაც მივმართე, შევიკრიბებითო, მოვალთო ამბობენ. ჩემი სახლი ნაგავსაყრელიდან 20 მეტრში მდებარეობს. როდესაც მოსახლეობას ვეუბნები არ გადაყაროთ ნაგავიო მეჩხუბებიან, აქაურობის მეპატრონე ხომ არ ხარო,“ – ამბობს სოჰბეტტინ აჰმედალიევი

ბოლნისის მერის წარმომადგენელი ტალავერის და სავანეთის თემში, ნოვრუზ აივაზოვი ამბობს, რომ ნაგავსაყრელები სოფლის ყველაზე დიდი პრობლემაა და ბოლნისის მერი საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია.

„3 წელია ნოვრუზ ბაირამამდე სოფლის გარკვეულ ნაწილში ნაგავს ვწმენდთ. ეს 90-იანი წლებიდან არის პრობლემა. 4 წელია რაც მე ვმუშაობ. 4 წელიწადშ 4 ჯერ ექსკავატორით დავასუფთავეთ და გავიტანეთ რაღაც ნაწილი, მაგრამ ისევ დარჩა. ჩვენი სოფლის ყველაზე დიდი პრობლემაა ეს. ახლო ხანებში მერიც მოვიდა და ნახა, თბილისში დიდი პროექტი მზადდება. მდინარეს პირას 6 კილომეტრზე აიღეს ზომები და ახლო ხანებში დაასუფთავებენ. სოფელში არის ურნები,“ – ამბობს ნოვრუზ აივაზოვი.

აივაზოვი ამბობს, რომ სოფელში 25 ცალი ურნაა, ხოლო ახლა დამატებით ურნებსაც გამოითხოვს.