ხარაგაულის მერის, ნიკო თოფურიძის, გადადგომასთან დაკავშირებულ განცხადების ცნობად მიღებას სამშაბათს, 14 ივლისს საკრებულოში ხმაური მოჰყვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
საკრებულოს სხდომის ჩატარების წინააღმდეგი იყო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „შენების მოძრაობიდან“ მიხეილ ჭიპაშვილი. მან განაცხადა, რომ საკრებულო არ არის უფლებამოსილი, რიგგარეშე სხდომა ასეთი დაჩქარებული წესით ჩაატაროს.
„ორი საათით ადრე მითხრეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდებოდა. როგორ მოვასწრო ორ საათში საკრებულოში მოსვლა და თან საკითხების სრულყოფილად გაცნობა?! ამიტომ არ მოგცემთ სხდომის ჩატარების უფლებას“, – აღნიშნა მიხეილ ჭიპაშვილმა.
მისი ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს, ხოლო მეორე საკითხის – სოფელ ხევში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ – განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადეს.