უპასუხისმგებლობა, კლანურ ბრძოლას შეწირული მერის თანამდებობა, კლანური მმართველობის მაგალითი და „ქართული ოცნების“ იგნორი ამომრჩეველს – ასე აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი ვალდებულია მოქალაქეებს განუმარტოს, რატომ ტოვებს თანამდებობას. ამ თემაზე სიუჟეტი ტვ25 მოამზადა.
უპასუხისმგებლოს უწოდებენ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპონენტები აღნიშნავენ, რომ, მერი ანგარიშვალდებულია, მოქალაქეებს წასვლის საფუძველი განუმარტოს.
კლანურ ბრძოლას შეწირული მერის თანამდებობა – ასე აფასებს ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას გიორგი მასალკინი. იგი ეჭვობს, რომ მერს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და თანამდებობას იგი საკუთარი სურვილით არ ტოვებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, თემურ კახიძე ამბობს, რომ ლაშა კომახიძის ეს გადაწყვეტილება, კლანური მმართველობის მაგალითია, მაშინ, როცა მერი, გუნდის გადაწყვეტილებებზე მაღლა ამომრჩეველს უნდა აყენებდეს. სხვა ოპონენტების მსგავსად, თემურ კახიძეც ამბობს, რომ ლაშა კომახიძე ვალდებულია, განმარტოს თანამდებობის დატოვების მიზეზი.
როგორ აიგნორებს ხალხის ხმას და ინტერესს „ქართული ოცნება“, როცა არჩეული მერი ტოვებს თანამდებობას, ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია – აცხადებენ პარტიაში – „ლელო საქართველოსთვის“.
ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის საკითხს უარყოფს, საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე. ის ირწმუნება, რომ ლაშა კომახიძე, კუთვნილ შვებულებას იყენებს.
ქალაქის მერი, ოფიცილურად, შვებულებაში კვირის ბოლომდეა. მის ნაცვლად მოვალეობას, ვიცე-მერი, ჯაბა ტუღუში ასრულებს.