ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლებასა და სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 13 ივლისს კიდევ ერთი სკვერის ბიბლიოთეკა მოეწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრში. ამასთან, ეკვილიბრიუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული ბიბლიოთეკების მოწყობა და ქართული წიგნების ჩატანა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში, ამჯერად ქართული წიგნები კაბალის თემის სოფელ განჯალას გადაეცა საჩუქრად.
“დღეს კახური ტური გვქონდა: ლაგოდეხის ცენტრში ულამაზესი სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ და შემდეგ კაბალის თემის სოფელ განჯალაში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები ცხოვრობენ, ქართული წიგნები ჩავიტანეთ”, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.