აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი, რამდენიმე დღით, ცალმხრივად ისევ გახსნა

874

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ისევ ცალმხრივად გაიხსნა აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი. დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მოქალაქეებს 17 ივლისის ჩათვლით ექნებათ.

ისინი სავალდებულო სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ტრანსპორტი არ მოძრაობს აფხაზეთის მიმართულებით და ტვირთით დაახლოებით 2-კილომეტრიანი გზის გავლა უწევთ.

ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ყოველ დღეს, 9:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში, 14 მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ცალმხრივად, უკვე მესამედ გახსნა.