თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის რეგიონალური ოფისის თერჯოლის სერვის ცენტრის მენეჯერ გიგა ზაუტაშვილთან შეხვედრა გამართა.
“შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ განსახორციელებელი სამუშაოები განიხილეს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ სოფლებში: ჩიხორში, შიმშილაქედსა და გოგნში გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და აბონენტების ქსელზე დაერთება უახლოეს მომავალში დაიწყება.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ სოფელ სეფარეთს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება”, – განმარტავენ მერიაში.