2025 წლისთვის მთელი საქართველო 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
„კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც აღნიშნულ ფორმატში კახეთის რეგიონში პირველად იმართება, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოვისმინეთ თუ რა პროექტები ხორციელდება და თუ რა იგეგმება როგორც მიმდინარე, ისე უახლოესი წლების განმავლობაში. პროექტები არის ძალიან მასშტაბური და მხოლოდ წელს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 მლრდ. ლარზე მეტი იხარჯება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მართლაც ძალიან მოცულობითი და მასშტაბური სამუშაოებია.
კახეთს რაც შეეხება, რეგიონში დაწყებულია ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელსაც მომდევნო წლებში ახალი მონაკვეთები დაემატება. განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები წყლის პროექტების კუთხით კეთდება. კახეთი საქართველოში ყველაზე დაჩაგრული რეგიონი იყო, სადაც პრაქტიკულად დიდ ქალაქებშიც კი არ იყო 24-საათიანი წყლის მომარაგება და ამ მხრივ, 2012 წელთან შედარებით თითქმის 12-ჯერ გაიზარდა წყლის პროექტების დაფინანსება. 2025 წლისთვის მთელს საქართველოში და მათ შორის, კახეთის ყველა ქალაქშიც და მის მიმდებარე სოფლებში 24-საათიანი წყლის მომარაგება იქნება.
გაზიფიცირების მიმართულებით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა აქაც გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მთელ რიგ სოფლებს. ახმეტის, გურჯაანის, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში არის დარჩენილი სოფლები და აქაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.
მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იმიტომ, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და რომელსაც საქართველოში ვალუტა შემოაქვს. სწორედ ამიტომ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.