თეთრიწყაროს სოფლების, მათ შორის, ასურეთის გამართული წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტია დაგეგმილი

543

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 9 სოფლის – წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის, ქოსალარის, დიდი და პატარა დურნუკის, ასევე ქოთიშის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შედეგად, 3000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის დაკვეთით 8,4 მილიონი ლარით დაფინანსდება, მდინარე ალგეთის წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას, ახალი რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობას, ასევე შიდა ქსელის მოწყობას და 650 აბონენტის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

ამასთან, ტენდერი გამოცხადდება ასურეთის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად და დაგეგმილია საფილტრე და დაზიანებული მილების შეცვლა.

“ინტენსიური სამუშაო მიმდინარეობს სოფლების ბოგვისა და ჯორჯიაშვილის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2 მილიონ 400 ატას ლარზე მეტია. წყალმომარაგება გაუმჯობესდება ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში, ჩხიკვთაში, ფარცხისში, აბელიანში, ქსოვრეთსა და ხოპისში.

თეთრიწყაროს სოფლებთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია, ქვემო ქართლის რეგიონში, ამ დროისთვის, ოთხ პროექტს ახორციელებს.

აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.