ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული 315 628 ლარი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა

371

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული 315 628 ლარი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა. ამ თანხიდან 45 628 ათასი ლარი ხარაგაულში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებით დაიზოგა; ხოლო 270 ათასი ლარი მოსწავლეთა ტრანსპორტირებიდან – პანდემიის გამო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ხარაგაულის წლევანდელ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 50 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. აქედან მიმდინარე წლის ექვს თვეში 40 860 ლარი უკვე გაიხარჯა; მათ შორის:

  • 31 200 ლარი პანდემიის პერიოდში მოქალაქეთა ერთჯერად და ყოველთვიურ დახმარებებზე მიიმართა;
  • 5 660 ლარი შშმ პირთა დასახმარებლად;
  • 4 000 ლარი – სამკურნალო-საოპერაციო ხარჯებისთვის.

დღეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში დარჩენილი 9 200 ლარი 30 ათასი ლარით შეივსო.

ხარაგაულის ბიუჯეტში ამ ცვლილებების გარდა,

  • სოციალურ პროგრამებში ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა 15 ათასი ლარით გაიზარდა;
  • 12 ათასი ლარი გამოიყო სოფლის ამბულატორიებში ინტერნეტიზაციისა და 2020 წლის შემდგომი თვეების სააბონენტო გადასახადისათვის;
  • ხარაგაულის #1 და ზვარეს საბავშვო ბაღების სველი წერტილების მოსაწესრიგებლად, თანადაფინანსების სახით, 5 ათასი ლარი გამოიყო.