ბათუმში შემოდგომიდან ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

602

შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

„ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო. ჩვენი მიზანია, გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება“, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, რვა ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, გათვლილია 70 მგზავრზე. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება ათი წუთის განმავლობაში.

ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით „იბიარდმა“ (EBRD) გამოაცხადა, სადაც კომპანია „ბიკაემ“-მა (BKM) გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ევროს შეადგენს.

ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს, სადაც უკვე, 40 დიზელზე მომუშავე ავტობუსი ჰყავს. უკვე დაწყებულია ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა.