ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის მიზნით წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები იწყება

457

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებით სამუშოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას ითვალისწინებს, რაც შიდა გამანაწილებელი ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რამდენიმე დღეში ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოცხადდება. კურორტზე არსებულ ვითარებასა და სათავე ნაგებობის მდგომარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე თამაზ გამცემლიძე და დარგის სპეციალისტები გაეცნენ. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

„სპეციალისტების მიერ მომზადდა პოროექტი, რომლის განხორციელებასაც ამ ზაფხულს ვაპირებთ. ბაკურიანში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, კერძო სახლები, იზრდება დამსვენებელთან რაოდენობა. ასევე, იგეგმება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა უფრო მეტად გამართული იყოს და მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ ამ მზარდ მოთხოვნას გაუძლოს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ ახალი ტექნიკური გადაწყვეტიულებების განხორციელება რამდენიმე თვეში მოუწევს, რათა 2020–2021 წლის ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა, ზამთრის საკურორტო სეზონის დადგომისთვის, თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის გართულებები.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვფიქრობთ, სეზონის დადგომამდე კომპანია სრულად უზრუნველყოფს სისტემების გამართვას და მწყობრში მოყვანას,“ – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალესა და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. მათი ინფორმაციით, პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.